ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენლებმა საერთაშორისო ვებინარში მიიღეს მონაწილეობა. ვებინარი, სახელწოდებით “ამომრჩეველთა რეგისტრაცია და მისი სამომავლო პერსპექტივა“ საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) მიერ იყო ორგანიზებული.
ვებინარის განმავლობაში მონაწილეებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს და განიხილეს ამომრჩეველთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული თემები, მათ შორის ტექნოლოგიების გამოყენება ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესში. მომხსენებლებმა ასევე დეტალურად ისაუბრეს ამომრჩეველთა რეგისტრაციის მოდერნიზების ეტაპებსა და მის სამომავლო პერსპექტივებზე.
ვებინარს ცესკოს ამომრჩეველთა სიების ფორმირების მენეჯერი გიორგი სეხნიაშვილი, საარჩევნო პრაქტიკისა და ანგარიშების ანალიზის მენეჯერი მაკა ბენაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების თანამშრომელი ქრისტინა თოლორდავა ესწრებოდნენ.
ვებინარი საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ორგანიზებით 28 ნოემბერს გაიმართა და მასში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტები მონაწილეობდნენ.