მიმდინარე კვირა, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, თავდაცვის მინისტრების დონეზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ეს კვირა შესაძლოა გადამწყვეტი იყოს უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.
„ეს კვირა შესაძლოა დიპლომატიისთვის გადამწყვეტი იყოს. გუშინ მოვისმინეთ, რომ ამერიკაში მოლაპარაკებები რთული, მაგრამ პროდუქტიული იყო. ჯერ შედეგები არ ვიცით, მაგრამ დღეს ამაზე ვისაუბრებ უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან“, - განაცხადა კალასმა.
აღნიშნულია, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრი დენის შმიჰალი დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომას პირადად დაესწრება, სადაც უკრაინისთვის დახმარების საკითხი განიხილება.
„ჩვენ გვაქვს ორი ფართო თემა. პირველი არის ის, თუ როგორ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, ხოლო მეორე ეხება ჩვენს თავდაცვით მზადყოფნასა და შესაძლებლობებს, რომლებიც უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა კაია კალასმა ევროკავშირის დღევანდელი საბჭოს დღის წესრიგზე საუბრისას.
მან დასძინა, რომ ახლა „ნათელია, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს და ამიტომ ჩვენ უკრაინა მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ, რათა ის მზად იყოს, ამ ძალიან, ძალიან რთულ დროს საკუთარი თავის დასაცავად“, - განაცხადა კალასმა.