ლევან სანიკიძე და მისი გამოხტომა ერთსქესიანთა ქორწინებაზე, კოლექტიური წილოსნის პასუხად, არის მიშა სააკაშვილის და მასზე მიბმული პარტიის დეგრადაციის კანონზომიერი შედეგი, ამ გზის შედეგი 2013 წელსვე ნათელი იყო, როგორც მიშამ შეძლო ამ იაფფასიან პოპულიზმზე კაპიტალიზაცია, ისე შეძლებს სანიკიძეც და ორივე სახელოვნად ჩაიძირება, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პოლიტიკოსებს შორის ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე დისკუსია ნორმალურია, როდესაც არსებობს ინტერეს ჯგუფი, რომელიც ასეთი ქორწინების ლეგალიზაციას ითხოვს, საქართველოში კი ასეთი ჯგუფი არ არსებობს.
„ქორწინება რა არის და სახელმწიფო რამდენად უნდა ჩაერიოს ქორწინების განსაზღვრაში, ამაზე დისკუსია პოლიტიკოსებს შორის აბსოლუტურად ნორმალურია მაშინ, როდესაც ეს საკითხი აქტუალურია – არსებობს ადგილობრივი ინტერეს ჯგუფი, რომელიც ერთნაირ სქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას ითხოვს. საქართველოში ასეთი ჯგუფი არ არსებობს, არავინ ითხოვს ქორწინების ლეგალიზაციას. საქართველოში ეს ადამიანები სიცოცხლის და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებებს ითხოვენ. როდესაც რეჟიმი ქორწინების თემით სრულიად არაავთენტურ პროპაგანდისტულ შეტევაზეა, ამ დროს თავდაცვითი წკავწკავი, რომ აი, შენ ქორწინებას არ დაუშვებ (ვინ გთხოვა შე სირო) რეჟიმის გარდა არაფერს აძლიერებს.
მეგობრებო, ლევან სანიკიძე და მისი გამოხტომა ერთსქესიანთა ქორწინებაზე, კოლექტიური წილოსნის პასუხად, არის მიშა სააკაშვილის და მასზე მიბმული პარტიის დეგრადაციის კანონზომიერი შედეგი და ამ გზის შედეგი 2013 წელსვე ნათელი იყო, როგორც მიშამ შეძლო ამ იაფფასიან პოპულიზმზე კაპიტალიზაცია, ისე შეძლებს სანიკიძეც და ორივე სახელოვნად ჩაიძირება. (მაშინ ბევრმა ვერ გაიგო რაზე გავცხარდი)“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისათვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, ევროკავშირის წევრობის დროს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ თუ იქნება, პარტია ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგი იქნება.