ევროკავშირისთვის ვაშინგტონიდან პრაგმატული შეთავაზება მიუღებელია, თურმე უკრაინამ კი არ უნდა გადაწყვიტოს, გაგრძელდება თუ არა სისხლისღვრა, ნგრევა, არამედ ევრობიუროკრატიამ. ეს რეალობა არსებობს და წინაპირობა მნიშვნელოვანწილად შექმნეს ევროპის გარკვეულმა ქვეყნებმა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ამერიკის ყოფილი ადმინისტრაცია და ევროპა ერთობლივად მოქმედებდნენ მაშინ, როცა ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკების გაგრძელების საშუალება არ მისცეს. შემდეგ, ზელენსკი და მისი პარტიის ლიდერები ამასთან დაკავშირებით აცხადებდნენ, რომ მოლაპარაკება შესაძლებელი იყო, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მოგვცესო. ასეთივე პერიოდია ახლაც, მნიშვნელოვანი ცვლილებებით. უამრავი ადამიანია დაღუპული, სისხლია დაღვრილი, უამრავი ცრემლია, განადგურებულია ქალაქები და ხელშეკრულების ის პროექტი, რომელიც შეთავაზებულია, ერთ რამეზე მეტყველებს – პრაგმატიზმი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნგრევა და მსხვერპლი გაგრძელდება. რასაკვირველია, ამ რეალობაში, ევროკავშირს თავისი პოზიცია აქვს. პირობითად, ბრიუსელის ბიუროკრატიას „ომის პარტია“ დავარქვათ, რომელიც ასეთ პირობებში ომის დასრულებას არ თანხმდება. შესაბამისად, მათთვის ვაშინგტონიდან პრაგმატული შეთავაზება მიუღებელია და თურმე უკრაინამ კი არ უნდა გადაწყვიტოს, გაგრძელდება თუ არა სისხლისღვრა, ნგრევა ქვეყანაში, არამედ ევრობიუროკრატიამ. რასაკვირველია, ეს რეალობა არსებობს და წინაპირობა მნიშვნელოვანწილად შექმნეს ევროპის გარკვეულმა ქვეყნებმა, ბრიუსელმა. სამწუხაროდ, უზარმაზარი რესურსია დახარჯული, მათ შორის ევროპის მიერ, მაგრამ ისიც გვახსოვდეს, რომ გაცილებით მეტია გადახდილი ევროპის მიერ რუსეთისთვის ენერგორესურსების შესყიდვისას, ვიდრე უკრაინისთვის ომში დასახმარებლად. ეს ორმაგი სტანდარტი არ არის, კონკრეტული ქვეყნების, ქვეყნების გაერთიანებების ინტერესებია. ზოგს აწყობს მშვიდობა, ზოგს – ომის განვითარება. ამ შემთხვევაში, ევრობიუროკრატია „ომის პარტიად“ გვევლინება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.