შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ, „განახლებული და გადამუშავებული“ სამშვიდობო შეთანხმების შემუშავების შესახებ განაცხადეს.
ერთობლივ განცხადებაში მხარეებმა მოლაპარაკებებს „უაღრესად პროდუქტიული“ უწოდეს და განაცხადეს, რომ მოლაპარაკბებს მომდევნო დღეებში გააგრძელებენ. თუმცა, როგორც Reuters წერს, მათ არ ისაუბრეს დეტალებზე რიგი საკითხების შესახებ, მათ შორის იმ საკითზე, თუ როგორ უნდა იყოს გარანტირებული კიევის უსაფრთხოება.
„ცალკე განცხადებაში, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ახალი ვერსია მოიცავდა უსაფრთხოების გაძლიერებულ გარანტიებს და რომ უკრაინის დელეგაციამ განაცხადა, რომ ეს „ასახავს მათ ეროვნულ ინტერესებს“, - წერს გამოცემა.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, რომელიც მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა, ჟენევაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკითხები, მათ შორის ნატო-ს როლი, ჯერ კიდევ შესამუშავებელია, თუმცა მისმა გუნდმა შეამცირა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინისთვის წარდგენილ სამშვიდობო გეგმაში გადაუჭრელი საკითხების სპექტრი.
რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ სჭირდება დრო დარჩენილი საკითხების მოსაგვარებლად. მან იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმებას ხუთშაბათისთვის მიაღწევენ, თუმცა მიანიშნა, რომ ამას შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, რუბიომ ჟენევა დატოვა და ვაშინგტონში დაბრუნდა.
ასევე, Reuters-ის წყაროების ცნობით, აშშ-ის და უკრაინის ოფიციალური პირები განიხილავენ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის შესაძლებლობას, შესაძლოა, უკვე ამ კვირაში, რათა ტრამპთან ერთად განიხილონ აშშ-ის „სამშვიდობო გეგმა“.
„მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი განიხილავენ „სამშვიდობო გეგმის“ ყველაზე მგრძნობიარე საკითხებს, როგორიცაა ტერიტორიული საკითხი, “, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ. ზუსტი თარიღი ჯერ არ არის დადგენილი.