უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია 23 ნოემბერს, ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის "სამშვიდობო გეგმასთან" დაკავშირებით გამართული შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებები იყო კონსტრუქციული, ფოკუსირებული და ურთიერთპატივისცემით სავსე, რაც ხაზს უსვამს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისადმი საერთო ერთგულებას.
„ორივე მხარემ კონსულტაციები უაღრესად პროდუქტიულად შეაფასა“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ნებისმიერი მომავალი შეთანხმება სრულად უნდა იცავდეს უკრაინის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფდეს მდგრად და სამართლიან მშვიდობას.
„მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეებმა მოამზადეს განახლებული და გადამუშავებული სამშვიდობო ჩარჩო დოკუმენტი“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის დელეგაციამ მადლიერება გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ ომის დასრულებისა და სიცოცხლის გადასარჩენად გაწეული ურყევი და დაუღალავი ძალისხმევისთვის.
„უკრაინა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გააგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას ერთობლივ წინადადებებზე“, - იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ამასთან, პროცესის პროგრესირებასთან ერთად, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კონტაქტიც შენარჩუნდება.
„ამ ჩარჩო დოკუმენტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებებს უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები მიიღებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.