ჟენევაში აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა უკვე არსებობს „სიგნალები“, რომ ტრამპის გუნდის წარმომადგენლებმა უკრაინელებს მოუსმინეს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ჟენევაში უკრაინის დელეგაციამ უკვე გამართა არაერთი შეხვედრა: როგორც ამერიკულ მხარესთან, ასევე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. იყო დელეგაციის ანგარიში მოლაპარაკების შედეგების შესახებ და ეს იყო საფუძვლიანი საუბრები, ბევრი რამ იცვლება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვესაუბრებით ამერიკის წარმომადგენლებს და არსებობს სიგნალები, რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდი გვისმენს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, შვეიცარიაში მოლაპარაკებები „პრაქტიკულად ღამემდე“ გაგრძელდება. ამიტომ, მათგან უახლოეს საათებში მოსალოდნელია ახალი ცნობები.
„მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ომის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯები იყოს ეფექტური და ყველაფერი ფუნქციონირებდეს. ჩვენ ველით, რომ შედეგი სწორი ნაბიჯები იქნება. პირველი პრიორიტეტია საიმედო მშვიდობა, გარანტირებული უსაფრთხოება, ჩვენი ხალხის პატივისცემა და ყველას პატივისცემა, ვინც სიცოცხლე შესწირა უკრაინის დაცვას რუსული აგრესიისგან“, - განაცხადა ზელენსკიმ.