უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას პროდუქტიული უწოდა.
"ძალიან პროდუქტიული და ინფორმაციული შეხვედრა მქონდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ჩვენ განვიხილეთ თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობა - ერთობლივი წარმოების პროექტები და კოორდინაცია სიცოცხლის უფრო ეფექტური დაცვის მიზნით“, - წერს ზელენსკი.
ზელენსკის თქმით, ასევე განიხილეს დიპლომატიური ვითარება
"ჩვენ თურქეთთან საერთო ხედვა გვაქვს: მშვიდობა და უსაფრთხოება უნდა იყოს გარანტირებული. ჩვენ შევინარჩუნებთ მჭიდრო კოორდინაციას და თანამშრომლობას ყველა პარტნიორთან.
ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალი წლისთვის გაცვლის პროცესის აღდგენაზე და უკრაინელი სამხედრო ტყვეების, რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების და გატაცებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებაზე.
ასევე მნიშვნელოვანია თურქეთის აქტიური მონაწილეობა „მსურველთა კოალიციაში“, განსაკუთრებით მის საზღვაო კომპონენტში. ყველას ესმის შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა და მისი უზრუნველყოფა მხოლოდ თურქეთთან ერთად არის შესაძლებელი.
მადლიერი ვარ თურქეთის და პირადად პრეზიდენტ ერდოღანის ამ მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ხალხებს შორის ნდობას და თურქული დიპლომატიის სიძლიერის იმედი გვაქვს“, - წერს ზელენსკი.