უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტერნოპოლში რუსული რაკეტების მიერ დაბომბილი ორი შენობის ნანგრევების ქვეშ დარჩენილ დაახლოებით 25 ადამიანთან კონტაქტი არ არის. ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. მაშველებმა დღეს საღამოს ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს. იუწყება უკრაინული მედია.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, დღის 4 საათის მონაცემებით, მტრის თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 80 დაშავდა, რომელთაგან 47 საავადმყოფოში იმყოფება. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია, დაშავებულებს შორის კი 16.
მინისტრის თქმით, ერთ-ერთ კოკაციაზე მტრის სარაკეტო დარტყმამ მთლიანად გაანადგურა ხუთსადარაბზოიანი კორპუსის ორი სადარბაზო, 19 ადამიანი ცოცხლად დაიწვა. მაშველებმა დაახლოებით 50 ადამიანი გადაარჩინეს.
„ჩვენ გვაქვს უამრავი ინფორმაცია დაკარგული პირის შესახებ. ამჟამად დაახლოებით 25 ადამიანზე ვსაუბრობთ, რომლებთანაც კონტაქტი არ გვაქვს. ნათესავები გველოდებიან, როდის გავწმენდთ ნანგრევებს“, - თქვა კლიმენკომ და აღნიშნა, რომ წინასწარი შეფასებით, სამაშველო ოპერაციები სულ მცირე ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც დღეს, 19 ნოემბერს თურქეთში იმყოფება, სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენეს 470-ზე მეტი დრონი და 48 რაკეტა.
ოთხშაბათს, 19 ნოემბერს, ღამით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური საჰაერო დარტყმები დაიწყო. სამიზნე ქალაქებს შორის იყვნენ ხარკოვი, ლვოვი და ტერნოპოლი.