საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც მავნებლური, დანაშაულებრივი, რუსული რეჟიმი.
ზურაბიშვილმა ბრიფინგზე "ქართული ოცნების" ახალ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის თანახმად, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ.
"ეს რუსული რეჟიმი ნამდვილად შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ყველაზე მავნებლური და დანაშაულებრივი რეჟიმი.
დღეს, ბევრ სხვა განცხადებათა შორის, რომელსაც შემდეგ ასევე გავაანალიზებთ და რაზეც ასევე კომენტარებს გავაკეთებთ, მე მინდა, დღევანდელი ჩემი გამოსვლა იყოს მიძღვნილი იმ საკითხს, რომელიც გვეხება ყველას - ჩვენ ყველას გვყავს ვიღაც, ვინც ცხოვრობს ემიგრაციაში, დიასპორის ნაწილი, საქართველოდან წასული არის მილიონზე მეტი და დღეს უკვე, ალბათ მილიონ-ნახევარზე ავიდა ეს ციფრი. ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ ნაწილი, არიან ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ამ ქვეყნის. ყველამ ვიცით, თუ რამდენად ხორციელდება ტრანსფერებიდან ფულის გადმორიცხვები, რომლებიც ავსებს ბიუჯეტს, რომელსაც დღეს, როგორც ჩანს ძალიან უჭირს.
ეს ნაწილი ჩვენი ქვეყნის, რომელიც წასულია ამ ქვეყნიდან იმიტომ, რომ სწორედ სახელმწიფომ ვერ შეძლო მათთვის ვერც იმ პოლიტიკური პირობების შექმნა, ვერც ეკონომიკური პირობების შექმნა, რომელიც ამ ადამიანებს ან დააბრუნებდა, ან არ მისცემდა სურვილს, რომ წასულიყვნენ და სხვა გზას დაინახავდნენ ქვეყანაში. ამიტომ, არსებობს ვალდებულება სახელმწიფოსი მათ მიმართ, რომ ყველანაირად შეუნარჩუნონ მათ კავშირები ქვეყანასთან, რადგან მეტი ძალა პატარა ქვეყნებს, როგორც ჩვენსას არ გააჩნიათ, თუ არა ეს დიასპორა. [...]
ჩვენთან არაფერი არ კეთდება იმისთვის, რომ მათ ხელი შევუწყოთ, რომ მათ შევუქმნათ რამე ახალი პირობები, რომ ქვეყანაში დაბრუნების სურვილი გავუჩინოთ და პირიქით ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ იგრძნონ, რომ რაღაც დიდი განხეთქილებაა მათ და ჩვენ შორის. ჩემ პასუხისმგებლობად ვგრძნობ ამ საკითხს იმიტომ, რომ მე ვიყავი იმ კანონის სათავეში, რომელმაც ბოლოს და ბოლოს, დიდი ხნის შემდეგ გააჩნია საშუალება ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, რომ ორმაგი მოქალაქეობა მიეღოთ და შეენარჩუნებინათ საქართველოს მოქალაქეობა, რაც ასევე პატარა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია...
თანხები, რომელსაც ვთხოვთ ჩვენ მოქალაქეებს, მითუმეტეს, როცა ოჯახს ეხება ეს, არის საკმაოდ დიდი თანხები და ამ ყველაფრით ჩვენ იმის მაგივრად, რომ ვუთხრათ რომ მოდით, იყავით ჩვენი ნაწილი, ვეუბნებით რომ არა, შენ იქ იყავი, ოღონდ შენ ფული გამოაგზავნე საქართველოში. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც ეწინააღმდეგება მუხლს, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.