ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის ბუდაპეშტში შეხვედრის ჩაშლა რუსეთის „სტრატეგიული შეცდომა იყო“. ამის შესახებ მან Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ცნობილია, ოქტომბრის შუა რიცხვებში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ტრამპი პუტინს ბუდაპეშტში შეხვდებოდა, თუმცა ერთ კვირაზე ნაკლებ დროში შეხვედრა გააუქმა. გადაწყვეტილება სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღეს.
სტუბმა აღნიშნა, რომ ამ საუბრის დროს რუბიომ, სავარაუდოდ, გააცნობიერა, რომ რუსები მცირედის დათმობასაც არ აპირებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ „აზრი არ ჰქონდა პრეზიდენტ ტრამპის ისეთ სიტუაციაში ჩაყენებას, სადაც ის შეთანხმებას ან რამე მსგავსს ვერ მიაღწევდა“.
„შეხვედრის გაუქმება რუსების მიერ დაშვებული სტრატეგიული შეცდომის კიდევ ერთი მაგალითი იყო. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა და ხელიდან გაუშვეს“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
სტუბმა ასევე აღნიშნა, რომ გოლფი მისთვის ტრამპთან დამაკავშირებელი „კარი“ გახდა. ის მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპსა და ზელენსკის „მღელვარე ურთიერთობა“ აქვთ, მას და სხვა ევროპელ ლიდერებს მათ შორის ხიდის გადება შეუძლიათ.
ამავდროულად, ის დარწმუნებულია, რომ როდესაც საქმე პუტინს ეხება, მასთან პირდაპირი და საჯარო მოლაპარაკებები მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა აწარმოოს და ეს ტრამპია.
სტუბმა მიანიშნა, რომ ევროკავშირი უახლოეს მომავალში რუსეთის ლიდერთან პირდაპირი კომუნიკაციის არხის გახსნას ნაკლებად აპირებს.