ამ პოლიტიკურ შაპიტოს და სამარცხვინო ქცევას ადამიანისგან, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ერქვა, წერტილი დაესვა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე განაცხადა.
„ამ პოლიტიკურ შაპიტოს და სამარცხვინო ქცევას ადამიანისგან, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ერქვა, წერტილი დაესვა. ბუნებრივია, წერტილი დაუსვა სახელმწიფომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნიდან გამომდინარე, რომელიც გამოქვეყნდა და საზოგადოებამ იცის, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს ისეთი არაფერი სჭირს, რომ მან სამედიცინო დაწესებულებაში მოიხადოს მსჯავრი. მისი ადგილი არის იქ, სადაც სხვა პატიმრების - პენიტენციურ დაწესებულებაში. საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ტყუილების კასკადი, ცრუ დემარშები ევროკავშირის და სხვა ელჩების წარმომადგენლებისგან, პოლონეთიდან შემოსული ექიმების მცდელობა, დნმ-ის მასალაც კი გაეტანათ ჩვენი ქვეყნიდან უჩუმრად იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა მანიპულირება მოეხდინათ, ის გამორჩეული მოვლენა, რომელსაც დემენციით შეპყრობილი ადამიანის განკურნება ჰქვია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დასმოდა და დაესვა. სადაც მსჯავრდებულის ადგილია და სადაც მას მსჯავრის მოხდის ადგილსამყოფელი განუწესდა, იქ უნდა მოიხადოს. ამიტომ, ეს ყველაფერი მხოლოდ სამართლის აღსრულებაა და მეტი არაფერი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.