პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ.
პარტიის წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, „ოცნებას“ თუ ვინმემ ლეგიტიმაცია მიანიჭა, ესენი არიან ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც ჩართული იყვნენ 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის ორგანიზებაში.
„ჩვენ უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში. „ოცნებას“ ნამდვილად ჰქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა, ჰქონდა ლეგიტიმაციის კრიზისი, მას შემდეგ, რაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ. სამწუხაროდ, როდესაც ბოიკოტის კამპანია დასრულდა 4 ოქტომბრის შემდეგ, სრულიად უპასუხისმგებლო პროვოკაციით, რა თქმა უნდა, ამან „ოცნებას“ მისცა იმ ლეგიტიმაციის კრიზისის დაძლევის დამატებითი საბაბი. ამიტომ, ვინმე თუ პასუხისმგებელია იმაზე, რომ „ოცნებამ“ მოიპოვა დამატებით ლეგიტიმაციის საფუძველი, პირველ რიგში, ესენი არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში. რა თქმა უნდა, თავად „ოცნება“, რომელსაც შეეძლო და არაფერი გააკეთა, რათა თავიდან აეცილებინა ეს პროვოკაცია. ვინმემ თუ ლეგიტიმაცია მიანიჭა „ოცნებას“, ესენი არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც ჩართული იყვნენ 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის ორგანიზებაში“, – განუცხადა შარაშიძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი გამოცხადებული ბოიკოტი შეწყვიტა და მე-11 მოწვევის პარლამენტში, პარტიის 12 წევრით, შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.