ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გამოყენებული საპატიმრო თუ არასაპატიმრო ზომა არის პოლიტიკური ზომა, რათა ის შიდა პოლიტიკური გაურკვევლობის გამო დაისაჯოს, – ამის შესახებ პარტიის „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
„ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების დაწყება მხოლოდ შიდა გარჩევის, შიდა გაურკვევლობის გამოა დაწყებული. სინამდვილეში, ამ ქვეყანას პოლიტიკური კორუფციონერების მთელი ჯგრო მართავს. ქვეყანაში პირველი კორუფციონერი ბიძინა ივანიშვილია და მის დაქვემდებარებაში მყოფი თითოეული მაღალი თანამდებობის საჯარო პირი კორუფციაში ბრალდებული უნდა იყოს, რადგან დღეს ეს კორუფციული სქემები მთელი საქართველოს მასშტაბითაა ჩაშლილი. ირაკლი ღარიბაშვილი ამ ყველაფრის მხოლოდ ერთი ჭანჭიკი იყო, რომელიც ივანიშვილის „ანტიქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურებოდა. მის მიმართ გამოყენებული საპატიმრო თუ არასაპატიმრო ყველა ზომა არის პოლიტიკური ზომა, რათა ის შიდა პოლიტიკური გაურკვევლობის გამო დაისაჯოს.
რეალურად, ჩვენ ყველაზე კორუფციულ მთავრობასთან გვაქვს შეხება. ისინი ერთმანეთთან ყოველთვის ლაპარაკობენ, ეს არიან მხარეები – ღარიბაშვილი, კობახიძე, ივანიშვილი, რომლებიც წლების განმავლობაში მრავალ დანაშაულში ერთად არიან გასვრილი. მათ ერთმანეთის დანაშაულების შესახებ აქვთ ინფორმაცია, მათ აქვთ კონფლიქტი, ყველა არის დანაშაულებრივ-კრიმინალურ საქმიანობაში თანამონაწილე. ყველა ის პირი, ვინც დღეს ე.წ ბრალდებულია ამ კრიმინალური დაჯგუფების წევრი და ნაწილია. ისინი გარიგებაში იმყოფებოდნენ, იმყოფებიან და იქნებიან მომავალშიც, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი და ყველა ის პირი, ვინც ვალდებულია, საჯაროდ ისაუბროს, არ გამოვა და არ ისაუბრებს დანაშაულებებზე, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ აქვს ჩადენილი“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.