საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ (მაია აზარაშვილი) ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 18–19 ოქტომბერს ქალაქ ხობში გაიმართა ტრადიციული ფესტივალი „სპორტი ყველასათვის“. სპორტის ზეიმმა რუსთავიდან, ამჯერად სამეგრელოს ამ კოპწია ქალაქში გადაინაცვლა.
ასპარეზობებში მონაწილეობდა 300-ზე მეტი გოგონა და ვაჟი სხვადასხვა სპორტულ დისციპლინაში.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სირბილის შეჯიბრებამ:
-
300-მეტრიან დისტანციაზე გოგონებს შორის გაიმარჯვა ბარბარე ლეკიაშვილმა,
-
ვაჟებში კი გამარჯვება მოიპოვა გიორგი არჩილიამ.
ამანათრბენში საუკეთესო შედეგი აჩვენა მორბენალთა გუნდმა „კოლხი ნიამორები“ (ბარბარე ლეკიაშვილი, ნიკა მიქაუტაძე, მართა თუთბერიძე, გიორგი არჩილია).
ასევე უკომპრომისო ბრძოლები გაიმართა მინი-ფეხბურთში: ვაჟებში ერთმანეთს 16 გუნდი დაუპირისპირდა, გოგონებში კი — 8. ვაჟებში გამარჯვება მოიპოვა გუნდმა „ხობი 2“, გოგონებში — ფოთის გუნდმა.
გამარჯვებულებს გადაეცათ მედლები, დიპლომები, თასები, სპორტული ფორმები, ბურთები და მაისურები.
ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ მაია აზარაშვილის ხელმძღვანელობით ნამდვილად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს — განსაკუთრებით დღევანდელ რეალობაში, როდესაც ქვეყანაში ნარკომანიის პრობლემა სერიოზულ გამოწვევად რჩება (ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში დაახლოებით 18 000 ნარკომანია, თუმცა დაუზუსტებული მონაცემებით მათი რაოდენობა 200 ათასამდე აღწევს).
წლის განმავლობაში ფედერაცია ატარებს მრავალფეროვან სპორტულ ასპარეზობებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში და სპორტის თითქმის ყველა სახეობაში, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდობის ჩართულობას სპორტში.
