ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინამ არ უნდა დათმოს თავისი ტერიტორიები რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში. ამის შესახებ Politico იუწყება.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ლუქსემბურგში ჟურნალისტებთან საუბრისას კალასმა ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია უკრაინის ტერიტორიებით ვაჭრობის დაუშვებლობასთან დაკავშირებით.
„თუ ჩვენ უბრალოდ ტერიტორიას დავთმობთ, ეს ყველასთვის სიგნალი იქნება, რომ შეიძლება ძალა გამოიყენოს მეზობლების წინააღმდეგ და მიიღონ ის, რაც სურთ. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საშიშია. სწორედ ამიტომ გვაქვს საერთაშორისო სამართალი, რომელიც ამას ხელს შეუშლის“, - განაცხადა კალასმა.
მანამდე, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზა დონბასის დათმობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში.
კვირას, Fox News-თან ინტერვიუში, ტრამპმა თავად განაცხადა, რომ რუსეთი „შეინარჩუნებს იმ ტერიტორიის ნაწილს“, რომელიც ომის დროს დაიპყრო.
Politico-ს ერთ-ერთი წყაროს ცნობით, თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადეს. ამავდროულად, გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპელი ლიდერები სიფრთხილეს იჩენენ თავიანთ განცხადებებში იმის შესახებ, უნდა შეინარჩუნოს თუ არა უკრაინამ მთელი თავისი ტერიტორია პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში.