თეთრ სახლში შეხვედრაზე უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა იარაღის, განსაკუთრებით კი შორი მოქმედების იარაღის მიწოდებაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა პროდუქტიული შეხვედრა. დიდხანს ვისაუბრეთ. განვიხილეთ საჰაერო თავდაცვის საკითხები. ვისაუბრეთ საჰაერო თავდაცვაზე; ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამჟამად, უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის ბევრი დრონი გამოიყენება. ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს, კერძოდ, [იარაღის] წარმოებაზე.
მაგრამ დადებითი სიგნალი ის არის, რომ ჩვენ ვიმუშავებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
Tomahawk -ის ტიპის რაკეტების გადაცემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე არ სურს დეტალური განცხადების გაკეთება.
„მე არ მინდა, გავაკეთო განცხადება ამის შესახებ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით. შეერთებულ შტატებს არ სურს ესკალაცია. ამიტომ, ამ თემაზე ნებისმიერი შეკითხვა უპასუხოდ დარჩება“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.“.
„ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ მათ ესმით, რომ ისინი გვჭირდება. არავის დაუხურავს ეს საკითხი. ჩვენ ამ საკითხზე მეტი უნდა ვიმუშაოთ“, - უპასუხა ზელენსკიმ სხვა ჟურნალისტის შეკითხვას Tomahawk -თან დაკავშირებით.
პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს ტრამპისა და პუტინის ბუდაპეშტში დაანონსებული შეხვედრა.
„დონალდ ტრამპმა გამიზიარა, რომ მათ აქვთ რუსულ მხარესთან დიალოგი. ჩვენთვის რუსეთის ყველა სიგნალი უკვე ცნობილია, ეს ახალი არ არის, მაგრამ ჩვენ პრეზიდენტ ტრამპის და ომის დასრულების მიზნით რუსეთზე მისი ზეწოლის იმედი გვაქვს “, – აღნიშნა ზელენსკიმ.