უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის დააანონსებულ შეხვედრას გამოეხმაურა.
„დღეს ჩვენ ვხვდებით თავდაცვის კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც წარმოადგენენ მძლავრი იარაღის მწარმოებლებს, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ჩვენი თავდაცვის გაძლიერება. კერძოდ, ვისაუბრებთ საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებით მიწოდებაზე.
ასევე დღეს შეხვედრაა ამერიკული ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან.
„ახლა, როდესაც რუსეთი ჩვენი ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ ტერორს მიმართავს და ყოველდღიურ თავდასხმებს ახორციელებს, ჩვენ უკრაინის სტაბილურობისთვის ვმუშაობთ“, - დაწერა მან Telegram-ზე.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი.
„ვიმედოვნებთ, რომ ტერორისა და ომის შეკავების იმპულსი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ეფექტური აღმოჩნდა, ხელს შეუწყობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას. პუტინი ნამდვილად არ არის უფრო გაბედული, ვიდრე ჰამასი ან სხვა ნებისმიერი ტერორისტი.
ძალისა და სამართლიანობის ენა რუსეთთანაც აუცილებლად იმუშავებს. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ მოსკოვი Tomahawk-ების ხსენებისთანავე დიალოგის განახლებას ჩქარობს“, - თქვა ზელენსკიმ.
მისი აზრით, მშვიდობასა და საიმედო უსაფრთხოებას ალტერნატივა არ უნდა ჰქონდეს და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად იყოს დაცული სიცოცხლე რუსული დარტყმებისა და თავდასხმებისგან.