მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთი სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით ქვეყანაზე გავლენის მოსახდენად ახალ მეთოდებს მოძებნის.
როგორც სანდუმ აღნიშნა, რუსეთს სურს მოლდოვის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ, სწორედ ამიტომ დაიწყო ჰიბრიდული თავდასხმები დემოკრატიაზე.
„მოსკოვის სტრატეგია სისტემატური იყო, გამოცდილი ადგილობრივ და რეგიონულ არჩევნებში, რამაც კულმინაციას გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმზე მიაღწია, რომელიც მასშტაბური ჩარევის მიუხედავად ჩატარდა.
თუმცა, რეალური მიზანი წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები იყო“, - ხაზგასმით აღნიშნა სანდუმ.
შედეგად, მისი თქმით, მოლდოვის მოქალაქეებმა, ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი პრესის მხარდაჭერით, დაიცვეს არჩევანის უფლება დახმა მისცეს დემოკრატიას, ევროპასა და მშვიდობას.
„მაგრამ მოდით, ვიყოთ გულახდილები: გამარჯვება დროებითია, ეს არის ფანჯარა მდგრადობის გასაძლიერებლად და ევროპული ინტეგრაციის დასაჩქარებლად. რუსეთი ახალ მეთოდებსა და მიზნებს მოძებნის. თუ ავტორიტარული რეჟიმები დემოკრატიებთან შედარებით სწრაფად ადაპტირდებიან, თავისუფლება დაიკარგება“, - აღნიშნა მან.
სანდუმ ხაზი გაუსვა მოქალაქეების ნდობის აღდგენის აუცილებლობას, „რომ დემოკრატია სისუსტე კი არა, ძლიერი მხარეა, რომლის დაცვაც ყოველდღიურად უნდა მოხდეს მონაწილეობით, სიფხიზლითა და გამბედაობით“.
„მოლდოვა მზადაა გაუზიაროს თავისი გამოცდილება, წარმატებები, შეცდომები და მიმდინარე ბრძოლა ნებისმიერ დემოკრატიას, რომელიც მსგავსი საფრთხის წინაშე დგას.
რადგან დღეს დემოკრატიის დაცვა არ არის ეროვნული პროექტი, არამედ კოლექტიურია“, - თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა.