2025 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ ის იმსახურებს მშვიდობის პრემიას, რადგან თეთრ სახლში ახალი ვადის დაწყებიდან მან რამდენიმე ომის დასრულება შეძლო.
ნობელის კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ მაჩადო დაჯილდოვდა „ვენესუელის ხალხის დემოკრატიული უფლებების ხელშეწყობისთვის დაუღალავი შრომისა და დიქტატურიდან დემოკრატიაზე სამართლიანი და მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის მისაღწევად ბრძოლისთვის“.
58 წლის ვენესუელელი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და ფილანთროპი მარია კორინა მაჩადო ვენესუელის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ერთადერთი კანდიდატი გახდა, თუმცა ხელისუფლებამ მისი კანდიდატურა დაბლოკა, რის გამოც ოპოზიციის კანდიდატად წარდგენილი იყო ედმუნდო გონსალესი. 2024 წლის 28 ივლისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების თანახმად, არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა სწორედ გონსალესმა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო.
ვენესუელის ოპოზიციამ მარია კორინა მაჩადოს ლიდერობით, არჩევნების შედეგები არ აღიარა, რასაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. არჩევნების ოფიციალური შედეგები არ აღიარეს არც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილმა და ევროკავშირმა.
მარია კორინა მაჩადო წლებია იბრძვის ნიკოლას მადუროს სოციალისტური მთავრობის წინააღმდეგ. 2011-2014 წლებში იყო ვენესუელის პარლამენტის დეპუტატი.