ბაჩიაშვილმა ლამის თავისი ხელით მანქანა გადააკეთა, აგენტურული სქემა დადგა და მანქანის საბარგულით გადაიპარა, როგორც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან ფედერაციულ რესპუბლიკაში იპარებოდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილი ყველაფერზეა წამსვლელი.
„ბაჩიაშვილს კრიმინალური ენერგია აქვს. მან ჯერ ასობით მილიონი თუ მილიარდი გააქრო, შემდეგ ლამის თავისი ხელით მანქანა გადააკეთა, ჩაჯდა, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან ფედერაციულ რესპუბლიკაში რომ იპარებოდნენ ხოლმე, იმხელა აგენტურული სქემა დადგა და მანქანის საბარგულით გადაიპარა. ახლა ვხედავთ, რომ ამ ადამიანმა მასზე ძალადობის ინსცენირება გააკეთა. ეს აჩვენებს რამხელა კრიმინალური ენერგია აქვს და ყველაფერზეა ეს ადამიანი წამსვლელი. მეორე, ეს აჩვენებს, ვიღაც აძლევს საშუალებას რომ ფული, რომელიც მას აქვს თაღლითურად მოპარული, გამოიყენოს. დიდ თანხებზეა საუბარი და მას ეძლევა საშუალება, რომ მოისყიდოს ციხის ხელმძღვანელობიდან დაწყებული მედიით დამთავრებული. არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს იყო ნაყიდი სტატიები „გარდიანში“ და კიდევ ერთ გაზეთში ამერიკაში - ვის აინტერესებს ბაჩიაშვილი ლონდონსა და ნიუ-იორკში - ეს იყო ნაყიდი სტატიები და მათ შორის ესეც აჩვენებს სქემას, როგორ ხდება ფულით მოსყიდვა გარე პოლიტიკოსებისა, რომლებიც მას გამოესარჩლნენ და მედიებისა. ეს არის ნაყიდი მედია, რომელიც კოორდინირებულად აწევს თემას რომელიც მას უნდა, გააქრობს თემას, რომელიც არ უნდა.
ვხედავთ, თუ როგორ ხდება ფულით მოსყიდვა გარე პოლიტიკოსების, ვინც მას გამოესარჩლა. ნაყიდი მედია აწევს თემას, რომელიც უნდა და გააქრობს თემას, რომელიც არ უნდა. ამის კარგი მაგალითი დონალდ ტრამპია, რომლის წინააღმდეგ ამძაფრებენ საკითხებს, რაც უნდათ, კრიტიკულად წარმოაჩინონ და აქრობენ ლანდშაფტიდან საკითხებს, რაც შეიძლება, სასარგებლო იყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.