მე ვერ გეტყვით ახლა, ამის ასე დაკავშირება სპეკულაცია იქნება, - ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ „ფორმულას“ ჟურნალისტის შეკითხვას, შეიძლება უკავშირდებოდეს თუ არა გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორის დავით გოგობერიშვილის გარდაცვალება „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს.
სალიას თქმით, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
„მე ვერ გეტყვით ახლა. ამის ასე დაკავშირება სპეკულაცია იქნება, მგონია. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად ჰქონდა ამას კავშირი იმ კონკრეტულ ეპიზოდთან, როდესაც ვთქვათ, პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა. შემდგომ ამას სწორედ ჩვენი გამოძიების ფარგლებში და დისციპლინური წარმოების ფარგლებში მოჰყვა ის, რომ რამდენიმე პირმა თავის განცხადებით დატოვა სისტემა“.
პაატა სალიას თქმით, ფაქტი შემზარავი და წარმოუდგენელი იყო, რადგან არანაირი წინაპირობა არ არსებობდა.
„პირველ რიგში, ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა. მართლაც შემზარავი ფაქტი იყო. ჩემთვის წარმოუდგენელი, იმიტომ, რომ ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა“.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლდანის ციხის ყოფილი უფროსი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გოგობერიშვილმა თანამდებობა ბაჩიაშვილის ციხეში ცემის შემდეგ დატოვა