გაერთიანებული სამეფო გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. გაერთიანებულმა სამეფომ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული.
საელჩოს ცნობით, „გაერთიანებული სამეფო კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 60/16 რეზოლუციას – „საქართველოსთან თანამშრომლობა“ შესახებ“.
„რეზოლუცია ხაზს უსვამს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორების ოკუპაციის შედეგად არსებულ ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და ჰუმანიტარულ პრობლემებს“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
ამასთან, როგორც საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრიტანეთის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ განაცხადა, რომ „რუსეთმა უნდა გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები, გააუქმოს დამოუკიდებელი რეგიონების აღიარება და გახსნას გზა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებისთვის“.
„17 წლის განმავლობაში რუსეთი უკანონო სამხედრო კონტროლს ახორციელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ეთნიკურ ქართველებს ართმევს მათ ფუნდამენტურ უფლებებს. ეს ოკუპაცია უნდა დასრულდეს. რუსეთმა უნდა გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები, გააუქმოს დამოუკიდებელი რეგიონების აღიარება და გახსნას გზა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებისთვის. ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, მათი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, უნდა ჰქონდეს უფლება უსაფრთხოდ, ღირსეულად და მშვიდობიანად დაბრუნდეს საკუთარ სახლში“, – განაცხადა სტივენ დაუთიმ.