უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ ოლეჰ ივაშჩენკოსთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ რუსები ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს დრონებით დივერსიისთვის იყენებენ.
„დღეს ვესაუბრე საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს, ივაშჩენკოს და დავავალე, უფრო აქტიურად ითანამშრომლოს ჩვენს იმ პარტნიორებთან, რომლებსაც შეუძლიათ უკრაინისთვის მეტი იარაღისა და საჭირო ინვესტიციების მიწოდება. ჩვენ ნათლად ვხედავთ ჩვენი პარტნიორების განზრახვებსა და შესაძლებლობებს და ვიმუშავებთ მათთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპაში ჩვენი საერთო თავდაცვის პოტენციალი არ დაიკარგოს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ივაშჩენკომ პრეზიდენტს აცნობა, თუ როგორ იყენებენ რუსები თავიანთი ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს არა მხოლოდ ომის დასაფინანსებლად, არამედ დივერსიისა და ევროპაში სხვადასხვა დესტაბილიზაციის მოსაწყობად.
„ტანკერებიდან დრონების გაშვების ბოლოდროინდელი შემთხვევები ერთ-ერთი ასეთი მაგალითია. ჩვენ ვუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა გადადგან ხელშესახები ნაბიჯები რუსეთის საპასუხოდ. ჩვენ ამ მიმართულებით ყველა დონეზე ვმუშაობთ და ჩვენს პარტნიორებთან - საჯარო და კერძო სექტორთან - კიდევ უფრო მეტი შეხვედრა და მოლაპარაკებები გაიმართება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.