„თავისუფლების მოედნის“ წევრი, განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია სოციალურ ქსელში პროტესტის მონაწილე პირებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება.
კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ საპროტეტსო აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსთაველის გამზირს კეტავენ, არიან უცხოური აგენტები და ისინი ვერ დაიმსახურებენ თანაგრძნობას სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან.
ჯანაშიას თქმით, ირაკლი კობახიძე პროტესტის მონაწილეებს ძალადობისთვის წირავს.
„კობახიძემ და ოცნების მაღალი ეშელონების ყველა წევრმა ზუსტად იცის, რომ რუსთაველზე დგას მისი კლასელი, მისი ოჯახის ახლობელი (ზოგი ყოფილი), ყოფილი თანამშრომელი, კურსელი, ბავშვობის მეგობარი (ვისაც ჰყავდა), მასწავლებელი და ა.შ. იქ დგანან ასევე უნივერსიტეტების რექტორები, საუკეთესო მეცნიერები, მასწავლებლები, სპორტსმენები, ექიმები, ჟურნალისტები, რეჟისორები, მსახიობები, მწერლები, არქიტექტორები, ხელოვნებადმცოდნეები, მხატვრები და სხვ. ბოლო-ბოლო, ორი კაცს ვხედავ სულ, რომელიც ევერესტზეა ნამყოფი!
ამიტომაც, როდესაც ისინი ამბობენ, რომ არანაირ თანაგრძნობას არ იმსახურებს ეს ხალხი, რომ ისინი უცხო ქვეყნის აგენტები არიან, რომ მოძალადეები არიან, იციან რომ ტყუიან, რომ მათზე სხვებს გეშავენ და ძალადობისთვის სწირავენ. ეს არის სწორედ საკუთარ სამშობლოზე, საკუთარ ხალხზე, საკუთარ სოციალურ კავშირებზე უარის თქმა.
ზუსტად იცის ოცნების მთავარმა კაცმაც, ივანიშვილმაც, რომ რუსთაველზე მდგომი ხალხი არ არის 50 და 100 ადამიანი, არამედ არის ასიათასობით ადამიანის წარმომადგენელი ამ პროტესტში. ამიტომაც ებმის ენა ინტერვიუებისას, როდესაც ამ ხალხის გამოჩენას ელის.
მაგრამ, სულ რომ ერთი კაცი იდგეს რეჟიმის პირისპირ, ქართული ღირებულებების მქონე ადამიანი, პასუხისმგებლობის მქონე და არა საკუთარი თავის განდიდებით შეპყრობილი ადამიანი სწორედ მის გვერდით დადგება და არა იმის გვერდით, ვისკენაც წიხლი, ხელკეტი და ხიშტია. ჩვენ გაგვზარდეს, რომ ალუდა ქეთელაურის მხარეს ვიდგეთ და არა სოფლის, რომ ნესტან-დარეჯანის გამოსახსნელად ვიბრძოლოთ და ვიშრომოთ და არა ქაჯების კარზე ვიმსახუროთ. ამიტომაც ჩვენ გავიმარჯვებთ! ისინი კი დამარცხდებიან, მიუხედავად ბაქი-ბუქის, რეპრესიების და სიძულვილის თესვის!“ - წერს ჯანაშია.