პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული გეგმების განსახორციელებლად ახალი ტაქტიკის ფარგლებში, ლოს ანჯელესის რაიონიდან ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში ეროვნული გვარდიის დაახლოებით 200 ფედერალური ჯარისკაცი განლაგდება. ამის შესახებ Reuters იუწყება.
განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ფედერალურმა მოსამართლემ შაბათს საღამოს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ტრამპს დროებით აუკრძალა პორტლენდში ორეგონის ეროვნული გვარდიის 200 ჯარისკაცის განლაგება, იმ მოტივით, რომ არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ ბოლო დროს გამართული საპროტესტო აქციები ამართლებდა ასეთ ზომებს.
„პრეზიდენტის მითითებით, კალიფორნიის ეროვნული გვარდიის დაახლოებით 200 ფედერალური ჯარისკაცი ლოს ანჯელესის ტერიტორიიდან ორეგონის შტატის პორტლენდში გადაინაცვლებს, რათა მხარი დაუჭირონ აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურს (ICE) და სხვა ფედერალურ სააგენტოებს, რომლებიც ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობებს, მათ შორის ფედერალური კანონმდებლობის აღსრულებას და დაიცვან ფედერალური ქონება“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა შონ პარნელმა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულებით, ეროვნული გვარდია ორეგონის ქალაქ პორტლენდში ორი თვის ვადით განთავსდება. თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის ბრძანებით, ქალაქში ფედერალური საკუთრების დასაცავად განლაგდება ეროვნული გვარდიის, სულ მცირე, 200 წევრი. შაბათს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სრული ძალის გამოყენების ნებართვა გასცა იმ შემთხვევისთვის, თუ საჭირო გახდება საიმიგრაციო დაკავების ცენტრებთან, საპროტესტო გამოსვლებთან გასამკლავებლად. ტრამპის თქმით, ის დაიცავს საიმიგრაციო აღსრულების სამსახურს და ნებისმიერ დაწესებულებას მოძრაობა „ანტიფას“ და „სხვა შიდა ტერორისტული ჯგუფებისგან“ თავდასხმისგან.