ასეთი შესაძლებლობა სხვა დროს არ გვქონია. ხვალ არის მომენტი, როდესაც რამდენიმე პარტია, „ენჯეო“ და დაჯგუფება ოფიციალურად, ყველა კრიტერიუმით გაფორმდება, როგორც რადიკალი ექსტრემისტი დაჯგუფება, საკუთარი თავის ამგვარი მხილებით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბერს რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტმა პაპუაშვილის შეკითხვა დაუსვა, მისი აზრით, აქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია გენერლებს - მამუკა ყურაშვილსა და ზაზა გოგავას, როდესაც პროვოკაციებზე საუბრობენ.
„ვერ გეტყვით, რა ინფორმაცია აქვთ [გენერლებს], თუმცა საჯაროდ თავადაც [ოპოზიცია] აანონსებენ, რომ ისინი აპირებენ ძალადობას. სამწუხაროა, რომ ამ ძალადობას მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა. ხვალ თუ მოხდება მიტინგის მონაწილეების მხრიდან ძალადობის ნებისმიერი ფაქტი, ყველაფერზე პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკომისიას მისი პრესსპიკერის სახით.
რაც შეეხება მოსალოდნელ რისკებს ძალადობისა, მიზეზი ერთადერთია - ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ მიზნად ისახავენ არჩევნების საბოტაჟს. მათ ჩაეშალათ საბოტაჟი, რადგან 12 პარტია იღებს მონაწილეობას არჩევნებში. წინასაარჩევნო პროცესი იყო აბსოლუტურად გამართული, გამჭვირვალე და ყველა შესაძლებლობა იყო კამპანიის წარმოების.
საბოტაჟის ჩაშლის შემდეგ ერთადერთი ვარიანტი დარჩათ, რომ ხვალ შეეცადონ კენჭისყრის პროცესის ჩაშლას. ამასაც ვერ მოახერხებენ, რადგან ასობით ათასი ამომრჩეველი მივა ხვალ საარჩევნო უბნებზე. ერთადერთი გამოსავალი მათთვის არის ცრუ ისტერიის მოწყობა, ამაშია ყველაზე მეტი ხიფათი, რადგან ვხედავთ რა ჯგუფთან გვაქვს საქმე. ეს არის ემოციურად დაზიანებული, სასოწარკვეთილი ადამიანების ჯგუფი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელი შესაძლოა იყოს. როგორც ჩანს, ეს ორი გენერალი, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრებიც იყვნენ, კარგად იცნობენ სასოწარკვეთილებას და ემოციურ დაზიანებას, რომელიც ამ ჯგუფს აქვს და იმას, რომ არსებობს რისკი, რომ რაიმე ასეთი [ძალადობრივი] განახორციელონ.
სახელმწიფო არის სრულად მობილიზებული, არავის მისცემს შესაძლებლობას, მათ შორის არც იმას, რომ საკუთარი თავი დაიზიანონ და ამით რაღაც ისტერიები შექმნან. ეს კარგი პროცესიც არის, ასეთი შესაძლებლობა სხვა დროს არ გვქონია. ხვალ არის ის მომენტი, როდესაც რამდენიმე პარტია, რამდენიმე „ენჯეო“ და დაჯგუფებები ოფიციალურად ყველა კრიტერიუმით გაფორმდებიან, როგორც რადიკალი ექსტრემისტი დაჯგუფებები საკუთარი თავის ამგვარი მხილებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები, მამუკა ყურაშვილი და ზაზა გოგავა 4 ოქტომბერს, რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ კატეგორიულად ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას. ისინი ყველას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან.