ევროკავშირმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებას გზა გაუხსნას. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ კოპენჰაგენში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კოშტამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ რეფორმებს ახორციელებს და ევროკომისია ამას აღიარებს.
„ახლა ევროკავშირის ჯერია, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რადგან გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. დგაფართოება ევროპას უფრო გააძლიერებს“, -განაცხადა კოშტამ.
ანტონიო კოშტა ცდილობს, შეცვალოს წესი, რათა უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობის თანხმობა საკმარისი იყოს და არა ყველა ქვეყნის ერთსულოვანი გადაწყვეტილება. ამ გზით, უნგრეთის ვეტო დაძლეული იქნება.
ევროკომისია აცხადებს, რომ ორბანის თანხმობის გარეშე უკრაინისთვის კლასტერების გახსნა, შესაძლოა, განიხილონ, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 1-ელ ოქტომბერს განაცხადა, რომ კოშტას ინიციატივა უკრაინისთვის კლასტერების გახსნის შესახებ ვერ დამტკიცდება.