კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პირველად გაჟღერდა ევროსაბჭოში სახელმწიფოთაშორისი მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობა ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც გულისხმობს წევრი ქვეყნების სარჩელს ადამიანის უფლებების დარღვევაზე.
მისი თქმით, ეს უპრეცედენტო ნაბიჯი საქართველოს ევროსაბჭოდან გაძევების საფრთხესაც აჩენს.
„ფაქტობრივად, პირველად გაჟღერდა ის, რომ ევროსაბჭომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი მექანიზმის ამუშავება უნდა განიხილოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე და ყველა იმ ვალდებულებების უგულებელყოფის გამო, რომელიც ჩვენ ევროსაბჭოს წინაშე გვაქვს აღებული, ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა სარჩელი შეიტანონ. ეს არის უპრეცედენტო რამ, როდესაც ასეთი მოწოდება ჟღერდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლება არათუ ვერ პოულობს დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობების მიმართულებით ნორმალიზაციის ვერანაირ გზას, არამედ ყოველდღე ზრდის საფრთხეს, რომ დღის წესრიგში დაისვას ევროსაბჭოდან საქართველოს გაგდების საკითხი. ეს განგაშის ზარი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ეს არის მორიგი ნიშანი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს, ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ევროსაბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია-სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფი) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი) წარადგენენ რეზოლუციას: „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“.
რეზოლუციის პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ ასამბლეა ძალიან წუხს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს მის შეშფოთებას და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომლებსაც იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება.
დებატები საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოში ხვალ გაიმართება.