თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, რომელიც მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზეც ბრალდებულია, კვლავ პატიმრობაში დატოვა.
"მას შემდეგ, რაც ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა თქვეს შესავალი სიტყვა, მოსამართლემ გადასინჯა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება და ციხეში მყოფ ნიკა მელიას, მესამედ მიუსაჯა "ორმაგი პატიმრობა", იმ მოტივით, რომ მეორე პატიმრობის მისჯის გარეშე, ისედაც ციხეში მყოფი ნიკა მელია:
მოახდენდა ზემოქმედებას მოწმეებზე (ბრალდების მოწმეები, ნიკა მელიას გამტაცებელი პოლიციელები არიან). გაანადგურებდა მტკიცებულებებს. ციხეში მყოფი ნიკა მელია მიიმალებოდა.
ნიკა მელია სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა და უარს ამბობს ცრუ პროცესში ნებისმიერი ტიპის მონაწილეობაზე" | ნათქვამია განცხადებაში.
ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი 30 მაისის სასამართლო სხდომაზე შეასხა. საქალაქოში აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მსჯელობდნენ. პროკურატურა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, მელიასთვის დაკისრებული გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვდა. იქამდე კი, წინა საღამოს, 29 მაისს, მელია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. თავად მელია და მისი დაცვის მხარე ამ შემთხვევას გატაცებას უწოდებს.