მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ერისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას რუსეთისგან პირდაპირი საფრთხე ემუქრება.
მისი თქმით, თუ კრემლის დესტაბილიზაციის გეგმა წარმატებული იქნება, მოლდოვის ტერიტორია შესაძლოა გამოყენებულ იქნას პლაცდარმად უკრაინის ოდესის ოლქში შესაჭრელად.
„დღეს სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშაა. კრემლი ასობით მილიონ ევროს ხარჯავს, რათა იყიდოს დნესტრის ორივე ნაპირზე და მის მიღმა გარეთ ასობით ათასი ხმა“, - განაცხადა სანდუმ.
მისი თქმით, ხალხი ყოველდღიურად ათობით ცრუ ინფორმაციით იწამლება და ასობით ადამიანს უხდიან ფულს ქაოსის, ძალადობის პროვოცირებისა და საზოგადოების დაშინებისთვის.
სანდუმ ისაუბრა კატასტროფულ შედეგებზე, რაც ქვეყანას ელის, თუ რუსული გეგმა წარმატებით განხორციელდება.
„თუ რუსეთი მოლდოვაზე კონტროლს მოიპოვებს, შედეგები დაუყოვნებლივი იქნება, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას და მთელ რეგიონს.
ყველა მოლდოველი დაზარალდება, მიუხედავად იმისა, თუ ვის მისცა ხმა. ევროპა მოლდოვის საზღვარზე გაჩერდება. შესაძლოა, თავისუფალი გადაადგილება დასრულდეს და ჩვენი მიწა ოდესის რეგიონში შეღწევის პლაცდარმად იქცეს. დნესტრისპირეთის რეგიონი დესტაბილიზებული იქნება. ეს მათი გეგმაა და ისინი ამას ღიად აცხადებენ,“ - განაცხადა სანდუმ.
ამასთან, მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კრემლს მოლდოვაში ჰყავს თანამზრახველები, რომლებიც მზად არიან ფულის სანაცვლოდ საკუთარი ქვეყანაც კი გაყიდონ.
„მათ არ სჯერათ არც რუსეთის, არც ევროპის, მხოლოდ ფულის“, - აღნიშნა სანდუმ და მოუწოდა თანამოქალაქეებს, წინააღმდეგობა გაუწიონ ამ ძალების შურისძიების მცდელობებს.