4 ოქტომბრისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაშია, ყოფილმა ძალოვნებმა კოლეგებს მოუწოდეს უკანონო დავალებები არ შეასრულონ, ივანიშვილმა კი 13 წლის შემდეგ პირველად აღიარა მარცხი - სწორედ ამიტომ, 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი მშვიდობიანად დაამარცხებს ოლიგარქის რეჟიმს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა „ლევან ხაბეიშვილი სწორედ ძალოვნების შიშით დაატყვევა“.
„4 ოქტომბრისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაში შედის. ადამიანები როგორც ქვეყნის შიგნით სხვადასხვა რაიონებში, ქალაქებში, ისე ქვეყნის გარეთაც, ემიგრანტები ავრცელებენ მიმართვებს, რომ ისინი საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ, რომ 4 ოქტომბერს, 4 საათზე რუსთაველზე იდგნენ. ასევე, გუშინ ყოფილი ძალოვნების ძალიან მნიშვნელოვანი მიმართვაც გავრცელდა, რომლებიც მოქმედ კოლეგებს მიმართავენ, რომ მათ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ხელი არ აღმართონ და არ შეასრულონ უკანონო დავალებები. 4 ოქტომბრის მიმართ ეს დამოკიდებულება გააჩნია იმან, რომ 13 წლის მანძილზე პირველად ივანიშვილმა ქართველ ხალხთან მარცხი აღიარა. მან ლევან ხაბეიშვილი სწორედ ძალოვნების შიშით დაატყვევა, დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია, თუ ისინი არ შეასრულებენ უკანონო დავალებებს. დიახ, 200 ათასი დოლარი ჯილდო ყველა იმ ძალოვანს, რომელიც არ აღმართავს ხელს ქართველ ხალხზე, დიახ, ჩვენ ვაპირებთ მშვიდობიანად დავამხოთ რეჟიმი და დიახ, ივანიშვილი 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიიღებს მშვიდობიან რევოლუციას”,- განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.