აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრობლემა, რომლის გადაჭრაც მას ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობის გამო უმარტივესად მიაჩნდა, უფრო რთული აღმოჩნდა. ამის შესახებ Sky News წერს.
„ვფიქრობდი, რომ ეს ერთ-ერთი უმარტივესი იქნებოდა, თუმცა ჩვენ თითქმის ყველა კონფლიქტი მოვაგვარეთ. როგორც იცით, ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ისრაელისა და ღაზის საკითხზე. ყველაფერი, რაც იქ ხდება, რთულია, მაგრამ ეს მოგვარდება, ისევე როგორც რუსეთისა და უკრაინის ომი, თუმცა ომში არასდროს იცი, რა იქნება. ომი სხვა საქმეა. ისეთი რაღაცები ხდება, რაც საპირისპიროა იმისგან, რასაც ფიქრობდი. როდესაც ფიქრობ, რომ ეს მარტივი ან რთული იქნება, აღმოჩნდება, რომ საქმე საპირისპიროდაა. ჩვენ შვიდი ომი მოვაგვარეთ. ომები, რომლებიც მოუგვარებელი იყო და რომელთა მოგვარებაც შეუძლებელი იყო მოლაპარაკების გზით. ერთის მოგვარება, მეგონა, ყველაზე მარტივი იქნებოდა პრეზიდენტ პუტინთან ჩემი ურთიერთობების გამო, თუმცა მან იმედი გამიცრუა, ნამდვილად გამიცრუა,“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთი უკრაინაზე მეტ ჯარისკაცს კარგავს.
„პუტინი ბევრ ადამიანს კლავს. ის უფრო მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე კლავს. უკრაინელებზე უფრო მეტი რუსი ჯარისკაცები იღუპებიან, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი არასდროს დაიწყებოდა, აშშ-ის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო ის და არა ბაიდენი.
„ამ ომში მილიონობით ადამიანი დაიღუპა და ისინი ამერიკელი ჯარისკაცები არ არიან. ჯარისკაცები ისეთი სიჩქარით იღუპებიან, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის უნახავს.
ვგრძნობ, რომ ზუსტად ამ მიზეზით მაქვს პასუხისმგებლობა, განვიხილო ეს საკითხი“, - განაცხადა ტრამპმა.
გამოცემის ცნობით, ტრამპმა გაიმეორა ის, რაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოვალურ კაბინეტში უთხრა: რომ კონფლიქტი შესაძლოა მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს.