ეკა ბესელიამ დაკავებული ოპოზიცონერი ლიდერი, ელენე ხოშტარია ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოინახულა.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი თავს მხნედ გრძნობს.
"მოვინახულე ელენე ხოშტარია. მინდოდა პირველ რიგში მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიმეღო და პირობები მენახა. როგორც მას ახასიათებს, ის ყოველთვის მხნე და იმედიანია. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მას წუხილი არ გამოუთქვამს პირობებთან დაკავშირებით, თქვა, რომ ნორმალურად ექცევიან და მის წინააღმდეგ არაფერი არაეთიკური, არაკანონიერი და უპატივცემულო დამოკიდებულება არ ყოფილა. ერთადერთი პრობლემა იყო კორესპონდენციის შეზღუდვა.
ბანერზე წარწერის გაკეთება არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. სასაცილოც კია ახლა ამაზე რომ ვლაპარაკობთ. დაკავების საფუძველი უკანონოა, ბრალი ჯერ არ აქვს წარდგენილი, დაკავება სისხლის სამართლის წესით არის უკანონობა, რადგან სისხლის სამართლის კოდექსში არ არის ფორმულირება, რომ ბანერზე წარწერა იწვევდეს სისხლის სამართლის წესით გამოძიების დაწყების საშუალებას. ადამიანები დაასახიჩრეს, სასიკვდილოდ გაიმეტეს და ამაზე არ დაწყებულა გამოძიება და ასეთი რამ, რომელიც გამოხატვის ფარგლებშია ან მის ფარგლებს გარეთ არის სამსჯელო, ეს კონსტიტუციური სტანდარტია და არაფერი საერთო არ აქვს სისხლის სამართლის იმ მუხლთან, რომლითაც გამოძიება დაიწყო. ელენე ელოდება თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები გამოძიების მხრიდან. სწორად ფიქრობს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. ამ მუხლით ბრალის წარდგენა კონსტიტუციის, კონვენციის და კოდექსის დარღვევა იქნება და იმედი მაქვს, რომ გონიერება ეყოფათ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ბრალის ფორმულირებაზე ფიქრობენ.
მე იმედი მაქვს, რომ საგამოძიებო ორგანოებში გადაწყვეტილების მიმღები პირები მიხვდებიან, რომ არ შეიძლება ისეთი პრაქტიკის დანერგვა, რომელიც პირდაპირ გეუბნება, რომ ეს პოლიტიკური შურისძიებაა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.