ჩვენი მთავარი დაპირება იქნება, რომ გამოვყოფთ 100 მლნ ლარს 200 ათასი მოსწავლისთვის თბილისში იმისთვის, რომ სკოლებში არსებობდეს უფასო კვება, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
"ჩვენ, ოპოზიციურმა კოალიციურმა პარტიებმა შევძელით ბავშვთა შიმშილის გადაწყვეტა წალენჯიხაში მსგავსი პროექტით, სადაც დავიწყეთ სკოლებში უფასო კვების დანერგვა. ვაგვარებთ ამით ბავშვთა შიმშილის პრობლემას სასწავლო დაწესებულებებში და დღეს თბილისს სჭირდება სწორედ ასეთი მიდგომა. ბავშვები სკოლებში არ უნდა შიმშილობდნენ. სრულიად შესაძლებელია, თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოს 100 მლნ ლარი, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ და თბილისში მცხოვრები 200 ათასი მოსწავლე მიიღებს ჯანსაღ კვებას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
ჩვენ მოქალაქეებს, თბილისის მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ პრიორიტეტების სწორი გადანაწილება არის აუცილებელი. ეს არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, შვილებში, რომელთა განვითარებაც უნდა იყოს შეუქცევადად კეთილდღეობისკენ მიმართული. მათი მენტალური ჯანმრთელობა, მათი განვითარება უნდა იყოს თბილისის პრიორიტეტი.
ჩვენი მთავარი დაპირება იქნება, რომ გამოვყოფთ 100 მლნ ლარს 200 ათასი მოსწავლისთვის თბილისში იმისთვის, რომ სკოლებში არსებობდეს უფასო კვება, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.