ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მოსკოვმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და გაერო-ს წესდება მას შემდეგ, რაც რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. ამის შესახებ Reuters იუწყება.
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა დოროთი შეამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი „დაიცავს ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს“ და მხარს დაუჭერს მოკავშირეებს „შემაშფოთებელი საჰაერო სივრცის დარღვევების“ წინაშე.
მისი განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დრონებთან დაკაშირებული ინციდენტი შესაძლოა „შეცდომა“ ყოფილიყო.
„ამ საგანგაშო საჰაერო სივრცის დარღვევების წინაშე შეერთებული შტატები ნატო-ელ მოკავშირეებს მხარს უჭერს,“ - განაცხადა შეამ.
შიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა გააძლიერა უკრაინის დაბომბვა მას შემდეგ, რაც ტრამპი კრემლის ლიდერ პუტინს ალასკაში შეხვდა.
„ეს ქმედებები, მათ შორის აშშ-ის მოკავშირის საჰაერო სივრცის დარღვევა - განზრახ თუ უნებლიედ - დიდ უპატივცემულობას აჩვენებს აშშ-ის გულწრფელი ძალისხმევის მიმართ, რომელიც ამ ომის დასრულებას ისახავს მიზნად,“ - განაცხაად დოროთი შეამ.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე 19-მა დრონმა დაარღვია.