პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ რუსული დარტყმების ინტენსივობის ზრდა მიუთითებს რუსეთის სურვილზე, გააგრძელოს აგრესიული ომი.
ამის შესახებ სიკორსკიმ უკრაინელ კოლეგასთან, ანდრიი სიბიჰასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
12 სექტემბერს სიკორსკი კიევში ჩავიდა. მან გააკრიტიკა რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა.
„პრეზიდენტ ტრამპთან ალასკაში შეხვედრის შემდეგ რუსეთის თავდასხმების გააქტიურება აგრესიული ომის გაგრძელებაზე მიუთითებს“, - მიიჩნევს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისი განცხადებით, რუსეთს არ სურს უკრაინაში უდანაშაულო ადამიანების ტანჯვის დასრულება.
„ჩვენი მხარდაჭერა ურყევი რჩება. ჩვენ არ ვტოვებთ ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებს მზარდი აგრესიის წინაშე“, - აღნიშნა სიკორსკიმ.
მისი თქმით, პოლონეთი უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებას ცდილობს, კერძოდ, თავდაცვის სექტორში.