ლევან ხაბეიშვილის დაკავება არის ე.წ. ხელისუფლების შიშის გამოვლინება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ქრთამის მიცემის საჯაროდ დაპირებისთვის დაკავებას ეხმაურება.
პაატა მანჯგალაძის განცხადებით, წინააღმდეგობა გრძელდება და „4 ოქტომბერს ყველა ერთად უნდა დავდგეთ“.
"ლევან ხაბეიშვილის დაკავება არის ე.წ. ხელისუფლების შიშის გამოვლინება და ადასტურებს, რომ გზა, რომელსაც ის გვთავაზობს, ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება, არის ერთადერთი სწორი გზა.როგორც ლევანმა თქვა, წინააღმდეგობა გრძელდება, დავდგეთ ერთად 4 ოქტომბერს და ვანახოთ რეჟიმს ვის ეკუთვნის საქართველო", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული.როგორც სუს-ში განაცხადეს, „ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე.დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.