24 წელი გავიდა 11 სექტემბრის ტრაგედიიდან, დღიდან, როდესაც ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმები მოხდა.
შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ეხმიანება ტრაგედიიდან 24-ე წლისთავს.
"2001 წლის 11 სექტემბერი აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა, რომელმაც თითქმის 3 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და სამუდამოდ შეცვალა ამერიკა. ყოველ წელს, ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას და აღვნიშნავთ 11 სექტემბერს, როგორც ეროვნული სამსახურისა და ხსოვნის დღეს", - წერს საელჩო.
ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა ტერორისტებმა 2001 წლის 11 სექტემბერს დილით 4 თვითმფრინავი გაიტაცეს. პირველი 2 თვითმფრინავი ნიუ იორკში, მანჰეტენში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის “ტყუპების“ სახელით ცნობილ ცათამბჯენებს შეაჯახეს, მესამე კი პენტაგონს.
მეოთხე თვითმფრინავი კი, რომლის სამიზნეც ვაშინგტონი, სავარაუდოდ კი კონგრესის ან თეთრი სახლის შენობა იყო, პენსილვანიის შტატში მდებარე მინდორში, ქალაქ შნეკსვილის მახლობლად ჩამოვარდა. ეს იმის შემდეგ მოხდა, რაც მგზავრები შეეცადნენ ტერორისტებისთვის ხელი შეეშალათ და თვითმფრინავი ვაშინგტონისკენ არ გაეშვათ.
ტერაქტების შედეგად დაიღუპა 2 977 ადამიანი. ათასობით დაშავდა, და უამრავი დაიღუპა აფეთქებების შემდეგ მიღებული ინტოქსიკაციით და განვითარებული სხვადასხვა დაავადებით.