ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე მიიჩნევს, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა შესაძლოა რუსეთის მიერ ნატო-ს გამოცდის მცდელობა ყოფილიყო.
ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ეიდემ განაცხადა, რომ „არსებობს მრავალი მინიშნება იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს რუსეთის მცდელობა, გამოსცადოს ნატო ძალიან დაძაბულ სიტუაციაში“.
ნორვეგიელი მინისტრის თქმით, პოლონეთი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო განზრახ ქმედება და არა შემთხვევითობა.
მან დასძინა, რომ დრონები პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინის მასიური დაბომბვის დროს ჩამოვარდა, თუმცა ზოგიერთი მათგანი ბელარუსის ტერიტორიიდან შეფრინდა.
„ეს პოლონეთის საჰაერო სივრცის, ანუ ნატო-ს საჰაერო სივრცის სერიოზული დარღვევაა“, - განაცხადა ეიდემ.
შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე 19-მა დრონმა დაარღვია.