საქართველოში დღეს ხელისუფლება არ არსებობს, არის რაღაც გაუგებარი კრიმინალური კარტელი, რომელიც ქვეყანას ძარცვავს და ხალხის წინააღმდეგ ღია, დაუფარავ ომს აწარმოებს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას განაცხადა.
“საქართველოში დღეს ხელისუფლება არ არსებობს, არის რაღაც გაუგებარი კრიმინალური კარტელი, რომელიც ქვეყანას ძარცვავს და ხალხის წინააღმდეგ ღია, დაუფარავ ომს აწარმოებს.
ამ ყველაფრის ერთ-ერთი სახე არის კალაძე, ადამიანი, რომელმაც სკამისა და ფულის გამო ყველაფერზე ხელის მოწერით, საბოლოოდ პოლიტიკურად დაიმახინჯა თავი.
კახი, როცა პატარა გოგო-ბიჭებს ქუჩაში დაქირავებულ ტიტუშკებს მიუქსევ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გაძეხი და მესამე ვადით გინდა თბილისის მერად გამოცხადება, ეს პოლიტიკა კი არა, პოლიტიკური გაღრწნა და ფსკერია.
როცა ქალებს აგინებთ და ახალისებთ მათზე ძალადობას, მოქალაქეებს დასცინით, შენი რეჟიმის მიერ გაძარცვულ და გაღარიბებულ ხალხს ფერარით ემარიაჟები და ეს მაგარი ბიჭობა გგონია, შენი საქმე წასულია, ვინც არ უნდა იყო და რადაც არ უნდა მოგქონდეს თავი!
აქ ყველასთვის ყველაფერი ნათელია: საქმე აღარ ეხება პარტიებს ან არჩევნებს. საქმე ეხება ღირსებასა და სირცხვილს შორის არჩევანს.
ვინც ჩუმად დარჩება - რეჟიმს ემსახურება სირცხვილში.
ვინც ქუჩაში გამოვა - საქართველოსა და თავისუფლებას, ღირსებას იცავს.
შუაში არჩევანი აღარ არსებობს.
ამიტომ 4 ოქტომბერს რუსთაველზე ერთად მოვუწყოთ განკითხვის დღე ივანიშვილის რეჟიმს!”- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.