დემოკრატმა კონგრესმენებმა გამოაქვეყნეს წერილი, რომელიც, მათი მტკიცებით, დონალდ ტრამპის მიერ არის ხელმოწერილი და ჯეფრი ეპშტეინისთვის 50 წლის იუბილეზეა გაგზავნილი. იუწყება BBC
ეპშტეინის ქონების მმართველმა ადვოკატებმა წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტს, მათ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები გასულ თვეში გადასცეს. ამის შემდეგ, კომიტეტის დემოკრატმა წევრებმა წერილის ასლი ორშაბათს X ქსელში გამოაქვეყნეს.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ წერილზე ხელმოწერა ტრამპს არ ეკუთვნოდა.
ივლისში, როდესაც Wall Street Journal-მა პირველად გაავრცელა ინფორმაცია წერილის არსებობის შესახებ, ტრამპმა პუბლიკაციას ტყუილი უწოდა და თქვა, რომ მას მსგავსი არაფერი დაუწერია. ტრამპმა ცილისწამების ბრალდებით სარჩელი შეიტანა გაზეთის, სტატიის ავტორების, გაზეთის გამომცემლისა და მისი მენეჯმენტის, ასევე WSJ-ის მფლობელის, რუპერტ მერდოკის წინააღმდეგ.
წერილში წერია: „გილოცავთ დაბადების დღეს - და ყოველი დღე იყოს მშვენიერი საიდუმლო“. თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ტეილორ ბუდოვიჩმა, ორშაბათს X-ზე პრეზიდენტის ხელმოწერის რამდენიმე ნიმუში გამოაქვეყნა, დასძინა, რომ წერილზე ხელმოწერა ყალბი იყო და კვლავ დაადანაშაულა WSJ-ის გამომცემლები ცილისწამებაში.
როგორც გამოცემა წერდა, წერილი იმ ალბომის ნაწილი იყო, რომელშიც ეპშტეინის მეგობრების მიერ დაბადების დღის მილოცვები იყო მოცემული.
ალბომი 2003 წელს მისმა პარტნიორმა, გილეინ მაქსველმა, გამოუშვა.
ტრამპი და ეპშტეინი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ, თუმცა, ტრამპის თქმით, 2000-იანი წლების შუა პერიოდში მათ შორის დაპირისპირება მოხდა.
ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგისთვის ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ბრალის თანახმად, მან ათობით არასრულწლოვანი გოგო სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართო. ეპშტეინი ციხეში გარდაიცვალა, ოფიციალური ინფორმაციით, მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს ასევე ეპშტეინის პარტნიორი ქალი გილეინ მაქსველი, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.