პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „ბოლო გაფრთხილებას“ უპასუხა და განაცხადა, რომ „მზადაა მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად“. ამის შესახებ The Times of Israel იუწყება.
Times of Israel აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ტრამპმა „ჰამასს“ მიმართა და საბოლოოდ გააფრთხილა, დაჯგუფებამ გამოაქვეყნა ტექსტი, რასაც გამოცემა „ფრთხილად ფორმულირებულ განცხადებას“ უწოდებს.
განცხადებაში წერია, რომ „ჰამასი“ მზადაა „დაუყოვნებლივ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განიხილოს ყველა მძევლის გათავისუფლება ომის დასრულების შესახებ მკაფიო განცხადების, ღაზის სექტორიდან სრული გასვლისა და ანკლავის სამართავად დამოუკიდებელი პალესტინელების კომიტეტის შექმნის სანაცვლოდ“.
„ჰამასი“ მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის შეჩერების ძალისხმევას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში „ჰამასმა“ დაადასტურა, რომ მან „ამერიკული მხარისგან მიიღო გარკვეული იდეები, რომლებიც მიზნად ისახავს ზავის მიღწევას“.
შეგახსენებთ, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ისრაელი დათანხმდა ჩემს პირობებს. დროა, „ჰამასიც“ დათანხმდეს. მე გავაფრთხილე „ჰამასი“ უარის შედეგების შესახებ. ეს ჩემი ბოლო გაფრთხილებაა, მეორე აღარ იქნება!“