ბულგარეთის ნაკრებთან გამარჯვების შესახებ საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთერლმა, ნიკა გაგნიძემ მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.
“სასწაული ემოცია იყო, სიტყვებით რთულია ამის გადმოცემა. ბავშვობის ოცნება ავიხდინე და [გულშემატკივრებით] სავსე დინამო არენაზე გავიტანე გოლი, მაგრამ ეს უმთავრესი არ იყო, უმთავრესი იყო რომ თურქეთთან წაგებული თამაშის შემდეგ, დღეს მინდორზე გამოვედით და სამი ქულა მოვიპოვეთ, ჩვენთვის ეს იყო უმთავრესი. განმეორებით ეს გოლი ჯერ არ მინახავს, მაგრამ რა თქმა უნდა, ადრეც გვითამაშია ერთად, ვიცით ერთმანეთის მოქმედებები და დარწმუნებული ვიყავი, რომ მთავარი თამაშის გარე ზოლიდან ამოვსულიყავი და ვიცოდი, რომ ზურიკო ამ პასს მომცემდა და სასიხარულოა, რომ ესე მოხდა და გავიტანე გოლი. რა თქმა უნდა, დადებითად შევაფასებ [თამაშს], იმიტომ, რომ რაც მთავარი იყო და დაგეგმილი რაც გვქონდა, მოვიგეთ ეს თამაში, ხასიათი გამოვისწორეთ, გულშემატკივრები, საოცარი ატმოსფერო. მიუხედაცად იმისა, რომ თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში წვიმდა, ცუდი ამინდი იყო, გულშემატკივრების მხარდაჭერას მთელი თამაშის განმავლობაში ვგრძნობდი, მადლობა მათ კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით „ქომაგებს“ ამისთვის“, - განუცხადა გაგნიძემ „პირველი არხი - სპორტს“.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ბულგარეთს უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა 3:0.
ფოტო: ეროვნული ნაკრები