ჩვენი თხოვნის საფუძველზე არ დავუტუსაღებივართ და არც გავუთავისუფლებივართ - ეს იყო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდგომ ჟურნალისტების განაცხადა.
„ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩვენი თხოვნის საფუძველზე არ დავუტუსაღებივართ და არც ჩვენი თხოვნის საფუძველზე არ გავუთავისუფლებივართ. აქედან გამომდინარე, ეს იყო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება - ჩვენი დატუსაღება და ჩვენი გათავისუფლება. დღეს დილით, პირდაპირ გეტყვით, რომ ყოველდღიური 10:00-საათიანი ჩემი გასეირნება 16 კვადრატულ მეტრ სივრცეში 11:00-ზე მორჩა და როდესაც დავბრუნდი სეირნობიდან, მითხრეს, რომ შეწყალების აქტი ჰქონდა გამოცემული მიხეილ ყაველაშვილს“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 23 ივნისს დააკავეს. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ რვა თვით პატიმრობა შეუფარდა, ასევე აეკრძალათ ორი წლით თანამდებობის დაკავება.
ფოტო: პუბლიკა