აშშ-ის საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსება უკანონოდ შეაჩერა. ამის შესახებ CNN იუწყება.
როგორც მედია აღნიშნავს, ჰარვარდის უნივერსიტეტმა ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ფედერალურმა მოსამართლემ უნივერსიტეტს მხარი დაუჭირა მის მცდელობებში, აღადგინოს 2 მილიარდ დოლარზე მეტი ფედერალური კვლევის დაფინანსება, რომელიც თეთრი სახლის მიერ იყო გაყინული.
აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ ელისონ ბეროუზმა უარყო ადმინისტრაციის არგუმენტი, რომ ის უნივერსიტეტის კამპუსში ანტისემიტიზმთან ბრძოლას ცდილობდა.
ამავდროულად, CNN აღნიშნავს, რომ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ლიზ ჰიუსტონმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „დაუყოვნებლივ გაასაჩივრებს“ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„ნებისმიერი მიუკერძოებელი დამკვირვებლისთვის აშკარაა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტმა ვერ შეძლო თავისი სტუდენტების შევიწროებისგან დაცვა და კამპუსში დისკრიმინაციის მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელების უფლება მისცა. ჰარვარდს არ აქვს კონსტიტუციური უფლება გადასახადის გადამხდელთა ფულზე და არც მომავალში გრანტების მიღების უფლება,“ - განაცხადა ჰიუსტონმა.
გაზაფხულზე, აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა გამოაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის სახელმწიფო დაფინანსების 2.2 მილიარდი დოლარის შეჩერების შესახებ, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტმა უარყო ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნები.