გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერს ვლადიირ პუტინს არ აქვს საფუძველი, დაასრულოს ომი ან მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინასთან.
ჟურნალისტებთან საუბარში მერცმა განაცხადა, რომ მას პუტინის მიმართ ნდობის საფუძველი არ აქვს.
მისი თქმით, პუტინი მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ მაშინ იქნება მზად, როდესაც ეს მის ინტერესების შესაბამისი იქნება.
„ის მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ მაშინ იქნება მზად, როცა ეს მისთვის სასარგებლო იქნება. ახლა, მისი [პუტინის] აზრით, ომის გაგრძელება მისთვის სასარგებლოა. ის ტერიტორიებს იპყრობს. ის ხედავს დისკუსიას, რომელსაც ჩვენ აქ, ევროპაში და ამერიკაში ვაწარმოებთ. ის ხედავს, როგორ ექცევა მას ამერიკის პრეზიდენტი.
ის ხედავს, როგორ ექცევიან მას მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, მე მხოლოდ საკვანძო სიტყვას „შანხაის კონფერენცია“ დავასახელებ“, - განაცხადა მერცმა.
მერცმა აღნიშნა, რომ კრემლის პოზიციის შესაცვლელად აუცილებელია ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც რუსეთს ომიდან გამოსავლის ძიებას აიძულებს.
მისი აზრით, ეს, პირველ რიგში, ეკონომიკური საშუალებებით - რუსეთის სამხედრო ეკონომიკის გამოფიტვით შეიძლება მოხდეს.
„ამჟამად მას [პუტინს] არ აქვს საფუძველი ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების დასადებად. ჩვენ ამისთვის საფუძვლები უნდა შევქმნათ. სამხედრო თვალსაზრისით ეს რთული იქნება, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით - შესაძლებელია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთს არ ჰქონდეს სამხედრო ეკონომიკის მხარდაჭერის შესაძლებლობა“, - განაცხადა მერცმა.