ვიზალიბერალიზაციაში ქართული სახელმწიფოს ინტერესი არ გაიცვლება - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
"მიზეზები ავხსენი, თუ რა არის მათი მთავარი მოტივაცია. შემოტევა, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს დასჯის მცდელობა გრძელდება. ვიზალიბერალიზაციაში ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესი არ და ვერ გაიცვლება. ეს არის ჩემი და „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება. პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრებათ ევროპელ ბიუროკრატებს იმ ცილისმწამებლური განცხადებებიდან, რომელთაც ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენთ. თითქოს, დღე და ღამე არ სძინავთ ქართველ ხალხზე და საქართველოსთან დაკავშირებით ფიქრში. ეს არის აბსოლუტურად ყალბი დამოკიდებულება.
რეალურად, ამის უკან დგას ის, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, შეუერთდეს სანქციებს, რომელიც დამანგრეველი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის. ვერც ამერიკელი, ვერც ევროპელი და ვერც რუსი ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერ და არ გააკეთებს. მათ აქვთ ინტერესი საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ აქვთ საკუთარი ინტერესი. შესაბამისად, ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი, იმიტომ, რომ საქართველო ჩვენი სამშობლოა. გარედან ვიღაცების დავალებების შესრულება, თან ისეთი დავალებების, რომლებიც იცი, რომ დამანგრეველი და დამღუპველი იქნება ამ ქვეყნისთვის, ასევე, მათი ინტერესების გატარება, რომელსაც შეეწირება ეს ქვეყანა და მისი ინტერესები, წარმოუდგენელია. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამაზე წამსვლელი არაა და ხელს არ მოაწერს მსგავს გადაწყვეტილებებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.