იუსტიციის სამინისტრომ უპრეცედენტო სიბრიყვე გაავრცელა, თითქოს პატიმარმა ციხის ადმინისტრაცია მოისყიდა, რომ საკუთარი თავი ეწამებინა! ბორიამ უნდა გაიგოს, რომ ეს გამათხოვრებული, გაკრიმინალებული, გაწუწკებული ციხის ადმინისტრაცია ბიტკოინების საფულის პაროლს მას არ მიუტანს! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში, რითაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ დაპირისპირებაზე პენიტენციური სამსახურის განცხადებას ეხმაურება.
როგორც ის აცხადებს, „იუსტიციის სამინისტროს ვერსიის მიხედვითაც, აბსოლუტური „ბარდაგი“ და განუკითხაობაა სისტემაში“.
„ივანიშვილი შვილობილის (ასე ეძახდა თავად) წინააღმდეგ. უპრეცედენტოდ, გაუგონრად დიდი დანაშაული, სიბრიყვე გაავრცელა იუსტიციის სამინისტროდ წოდებულმა, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო "ფეიკ” დაწესებულებამ!!! “ბაჩიაშვილმა მოისყიდა ციხის ადმინისტრაცია, თანამშრომლები, რომ საკუთარი თავი ეწამებინა” - ეს თქვეს ოფიციალურად!!! ტროლ-ბოტმა, ან ზარქუამ კი არ მობოდა, არამედ ოფიციალურად გაავრცელეს ეს ინფორმაცია. გლდანის ციხეში ხომ მოისყიდა პატიმარმა "ყველა" და ბიძინას ტყვეობაში მყოფი, თურმე ქსანშიც მისწვდა ციხის ხელმძღვანელობას და გლდანში გადმოაყვანინა პატიმარი, რომელიც ასევე, გლდანის ციხიდან ქსნის ციხეში "შეკერა".
მათი ვერსიის მიხედვითაც, აბსოლუტური “ბარდაგი” და განუკითხაობაა სისტემაში - მკვლელები, დაქირავებული კილერები, ციხის კრიმინალი, მექრთამე "შეფები", აღებ-მიცემობა. პტ სალიას რა ნამუსით უნდა ერქვას მინისტრი?! - დაირქვას ბანდფორმირების ყოჩი, ლიდერი!!! შეასრულებინეს, დაავალეს და ახლა, ისევ წვრილფეხობას აწმენდენ ხელს. დამსმენი, აფერისტი და გადამგდებია ივანიშვილი და ცხადია, ყველას გაწირავს!!!
ბორიამ უნდა გაიგოს, რომ ეს გამათხოვრებული, გაკრიმინალებული, გაწუწკებული ციხის ადმინისტრაცია ბიტკოინების საფულის პაროლს მას არ მიუტანს!!! თუ "დაითრიეს" მოკლავენ ბაჩიაშვილს და “შემოგვაკვდა თქვენი პაროლების ძიებაშიო”, ეტყვიან. 4 ოქტომბერს უნდა დავიხსნათ თავი და გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა - ყველა რუსთაველზე“, - წერს ლევან ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მომხდართან დაკავშირებით N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თანამდებობები დატოვეს.
უწყების განმარტებით, „შესაძლოა, პენიტენციურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და გიორგი ბაჩიაშვილი შეთანხმებულად მოქმედებდნენ“.
რაც შეეხება თავად დაპირისპირების ფაქტს, შეგახსენებთ, რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის #8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.
გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.