ნიკა გვარამიას შეწყალებისას ვხელმძღვანელობდი მხოლოდ საკუთარი შეხედულებისა და დისკრეციის ფარგლებში, გვარამიას შეწყალებას არანაირი კავშირი არ აქვს მაკკეინის ინსტიტუტის რაიმე საქმიანობასთან, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ნიკა გვარამიას შეწყალებისას, ისევე როგორც ყველა, სხვა შეწყალებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა მხოლოდ საკუთარი შეხედულებისა და დისკრეციის ფარგლებში. 2023 წელს ნიკა გვარამიას შეწყალებას არანაირი კავშირი არ აქვს მაკკეინის ინსტიტუტის რაიმე საქმიანობასთან.
ქრონოლოგიურად კი, მაკკეინის ინსტიტუტმა პრეზიდენტს გრანტი 2025 წელის დასაწყისში შესთავაზა, რაზეც ასევე, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, პრეზიდენტმა წერილობითი უარი 30 აპრილს განაცხადა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, "მაკკეინის ინსტიტუტმა" განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ მათ გადამწყვეტი როლი შეასრულეს ნიკა გვარამიას გათავისუფლებაში.
ამასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა:
„სალომე ზურაბიშვილი არის ისეთივე აგენტი, როგორც სხვა რადიკალები გვარამია და სხვები, არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, შეიძლება სახელი და გვარით, ერთი ქალი იყოს და მეორე კაცი, შეიძლება ამით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ჩვეულებრივი აგენტურა არის. ჰყავთ თავიანთი პატრონები და რასაც დაავალებენ და ეტყვიან, იმას აკეთებენ. არც ის არის გამორიცხული, რომ სალომე ზურაბიშვილს მიაღებინეს, უბრძანეს და დაავალეს ეს გადაწყვეტილება, რომ ის გათავისუფლებულიყო“, - განაცხადა კალაძემ.